ღირებულების ტიპები

სამართლიანი ღირებულება (Fair Value)
 
ცნებები „საბაზრო ღირებულება“ და „სამართლიანი ღირებულება“ (რომელიც, ჩვეულებრივ, გვხვდება ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებში), მთლიანობაში, ურთიერთთავსებადია. თუმცა, ეს ცნებები ყველა შემთხვევაში  ერთმანეთის ზუსტი შესატყვისი არ არის. სამართლიანი ღირებულება საბუღალტრო ცნებაა, რომელიც ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებსა და სხვა ანალოგიურ სტანდარტებში განისაზღვრება როგორც თანხა, რომლის სანაცვლოდაც, კარგად გათვითცნობიერებულ დაინტერესებულ მხარეებს შორის კომერციული გარიგებით, შესაძლებელი იქნებოდა აქტივის გაცვლა ან ვალდებულების დაფარვა.
სამართლიანი ღირებულება ფასს-ის შესაბამისად გამოიყენება შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:
  • ძირითადი საშუალებების გადაფასება;
  • ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგების მომზადებისას;
  • ობიექტის ბალანსზე აყვანისას.
სამართლიანი ღირებულება გაყიდვის ხარჯების გამოკლებით — fair value less costs to sell — ეს არის თანხა, რომლის მიღებაც შესაძლებელია ფულადი შემოსავლის მომცემი აქტივის ან განყოფილების გაყიდვის შედეგად, კარგად გათვითცნობიერებულ და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომერციული გარიგებით, ამ გარიგების განხორციელების ხარჯების გამოკლებით.
 
სპეციალური ღირებულება (special value)
სპეციალური ღირებულება არის თანხა, რომელიც აღემატება საბაზრო ღირებულებას და ასახავს აქტივის მხოლოდ სპეციალური მყიდველისთვის ფასეულ გარკვეულ თვისებებს (მახასიათებლებს). სპეციალური მყიდველი (special purchaser) არის მყიდველი, რომლისთვისაც კონკრეტულ აქტივს გააჩნია სპეციალური ღირებულება, მისი ფლობით გამოწვეული უპირატესობების შედეგად, მაგრამ ეს უპირატესობები არ უკავშირდება ბაზარზე მოქმედ მყიდველებს, მთლიანობაში.
სპეციალური ღირებულება შეიძლება წარმოიშვას ერთი აქტივის სხვა ქონებასთან ფიზიკური, ფუნქციონალური ან ეკონომიკური კავშირის გამო.
სპეციალური ღირებულება გამოიყენება შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:
  • მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად;
  • სპეციალური მყიდველისთვის ქონების მიყიდვისას ან მისგან ყიდვისას.
 
საინვესტიციო ღირებულება
შეფასების საგნის საინვესტიციო ღირებულების განსაზღვრისას, დგინდება ღირებულება კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფისთვის, მათ მიერ შეფასების საგნის საინვესტიციო მიზნით გამოყენების პირობებისთვის. საბაზრო ღირებულების განსაზღვრისგან განსხვავებით, საინვესტიციო ღირებულების შეფასებისას, მოცემული ღირებულებით ქონების ღია ბაზარზე გასხვისების შესაძლებლობის გათვალისწინება არ არის აუცილებელი.
საინვესტიციო ღირებულება გამოიყენება შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:
  • მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად;
  • საინვესტიციო პროექტის შესადგენად;
  • ობიექტის ყიდვისას.
სინერგიის ღირებულება (synergistic value)
სინერგია ღირებულების დამატებითი ელემენტია, რომელიც ორი ან მეტი მესაკუთრული ინტერესის შერწყმით წარმოიშობა, როცა მათი გაერთიანების შედეგად მისაღები მესაკუთრული ინტერესის ღირებულება აღემატება თავდაპირველი მესაკუთრული ინტერესების ღირებულებათა ჯამს.
სინერგიის ღირებულება გამოიყენება შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:
  • ობიექტის ყიდვისას ან გაყიდვისას;
  • შერწყმისა და გაერთიანებისას;
  • რესტრუქტურიზაციისთვის;
  • მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
სალიკვიდაციო ღირებულება
შეფასების საგნის სალიკვიდაციო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება საანგარიშო სისდიდე, რომელიც ასახავს ყველაზე მეტად სავარაუდო ფასს, რომლადაც მოცემული ქონება შეიძლება გასხვისდეს საბაზრო პირობებში ექსპოზიციისთვის ტიპიურად საჭიროზე მოკლე ვადაში, როცა გამყიდველი იძულებულია გაასხვისოს ობიექტი. საბაზრო ღირებულების განსაზღვრისგან განსხვავებით, სალიკვიდაციო ღირებულების დადგენისას მხედველობაში მიიღება საგანგებო გარემოებების გავლენა, რომელიც  გამყიდველს შეფასების საგნის საბაზროსთან შეუსაბამო პირობებში გაყიდვას აიძულებს.
სალიკვიდაციო ღირებულება გამოიყენება შემდეგი ამოცანების გადაჭრისას:
  • კრედიტის მიღება;
  • ქონების გირავნობა;
  • საწარმოს ლიკვიდაცია;
  • მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება.
იპოთეკური ღირებულება (Mortgage Lending Value)
იპოთეკური ღირებულება წარმოადგენს ქონების ღირებულებას, განსაზღვრულს მომავალში მისი რეალიზებადობის წინდახედული ანალიზის გზით, მოცემული ქონების გრძელვადიანი მდგრადი ასპექტების, ზოგადი და ადგილობრივი კონიუქტურის, მიმდინარე და შესაძლო ალტერნატიული გამოყენების ვარიანტების გათვალისწინებით. იპოთეკური ღირებულების შეფასებისას, სპეკულაციური ხასიათის ელემენტების მხედველობაში მიღება მიზანშეუწონელია. იპოთეკური ღირებულება უნდა დასაბუთდეს მკაფიოდ და გამჭვირვალედ.
იპოთეკის ღირებულება გამოიყენება იპოთეკის დროს.

საკადასტრო ღირებულება
შეფასების საგნის საკადასტრო ღირებულების განსაზღვრისას გამოიყენება საკადასტრო შეფასების მაწესრიგებელი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი საბაზრო ღირებულების მასობრივი შეფასების მეთოდები.
საკადასტრო ღირებულება განისაზღვრება, სახელდობრ, დაბეგვრის მიზნებისთვის.
 
საბუღალტრო (საბალანსო) ღირებულება (Book Value)
საბალანსო ღირებულება გამოიყენება ორი მიმართებით:
აქტივებთან მიმართებაში ეს არის აქტივის შექმნის/შეძენის კაპიტალიზირებული ხარჯები, დაგროვილი ცვეთის (depreciation), სესხის დაფარვის (amortization) და განლევის (deflation, როცა საქმე გვაქვს აღუდგენად რესურსებთან) გამოკლებით, როგორც ისინი წარმოდგენილია ბიზნესის საბუღალტრო დოკუმენტებში.
საწარმოსთან, ბიზნესთან მიმართებაში ეს არის ჯამურ აქტივებსა (ცვეთის, ამორტიზაციის და განლევის გამოქვითვით) და ჯამურ ვალდებულებებს შორის სხვაობა, როგორც ისინი წარმოდგენილია საბუღალტრო ბალანსზე. ამ შემთხვევაში, საბუღალტრო ღირებულება წმინდა აქტივების საბუღალტრო (საბალანსო) ღირებულების, წმინდა ფასეულობის (net worth) და საკუთარი კაპიტალის ღირებულების სინონიმია.
ეს ღირებულება გამოიყენება ბუღალტრულ აღრიცხვაში.
 
შესწორებული საბალანსო ღირებულება (adjusted book value)
წარმოადგენს საბალანსო ღირებულებას, რომელიც მიიღება ერთი ან რამდენიმე აქტივის ან ვალდებულების შესატყვისი თანხობრივი სიდიდის მატების, ამოღების ან ცვლილების შედეგად, მათ საბუღალტრულ თანხებთან მიმართებაში.
გამოიყენება ბუღალტრულ აღრიცხვაში.
 
გამოყენების ღირებულება (Value in Use)
  1. შეფასების თარიღისთვის დისკონტირებული ღირებულება მომავალი ფულადი ნაკადებისა, რომლებიც სავარაუდოდ წარმოიშობა აქტივის გამოყენების გაგრძელებისა და მისი სასარგებლო მომსახურების ვადის ბოლოს გაყიდვის შედეგად.
  2. შეფასების თარიღისთვის დისკონტირებული ღირებულება მომავალი ფულადი ნაკადებისა, რომელთა მიღებაც მოსალოდნელია აქტივის ან შემოსავლის წარმომქმნელი ერთეულისგან (CGU).
უნდა აღინიშნოს, რომ ზემო განსაზღვრებები, რომლებიც გამოიყენება ფინანსური ანგარიშგების შედგენისას, ითვალისწინებს აქტივის ღირებულებას მისი სასარგებლო მომსახურების ვადის ბოლოსთვის. ცნების ეს გამოყენება განსხვავდება ჩვეულებრივ საშემფასებლო პრაქტიკაში მისი გამოყენებისგან.
შემოსავლების არწარმომქნელი აქტივების გამოყენების ღირებულბა (value in use of a non-cash generating asset)
აქტივის ნარჩენი საწარმოო-მოსახურებითი პოტენციალის შეფასების დროისთვის დისკონტირებული ღირებულება.
 
გაცვლითი ღირებულება (value in exchange)
  1. ბაზარზე აღიარებული ღირებულება, რომელზეც სავარაუდოდ ან ჰიპოთეტურად ადგილი აქვს საკუთრების აქტივში გაცვლას. საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების განმარტება საბაზრო ღირებულებისა, რომელიც მიესადაგება ფინანსური ანგარიშგების მიზნებს, ეფუძნება სწორედ გაცვლითი და არა გამოყენების ღირებულების პრინციპს.
  2. ღირებულება (ფულად გამოხატულებაში) იმ ქონებისა, რომელიც იცვლება სხვა აქტივში ან აქტივებში. ასეთ შემთხვევაში ფული წარმოადგენს საზომს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია შეფასდეს თითოეული გასაცვლელი ქონების შედარებითი ღირებულება
საუტილიზაციო ღირებულება (salvage value)
წარმოადგენს აქტივის ღირებულებას, გამოთვლილს იმ განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, რა პირობებშიც ხორციელდება მისი გაყიდვა. საუტილიზაციო ღირებულება აღწერს აქტივის ღირებულებას, რომელმაც მიაღწია თავისი ეკონომიკური მომსახურების ვადის დასასრულს იმ საწარმოო დანიშნულების ფარგლებში, რომლისთვისაც იგი იყო შექმნილი. აქტივს ჯერ კიდევ შეიძლება ჰქონდეს ღირებულება ალტერნატიული გამოყენების ან მისი შემადგენლების შემდგომი გამოყენების მიზნით უტილიზაციისთვის.
 

 

 

შიდა ღირებულება (intrinsic value)

თანხა, რომელიც ხელთ არსებული ფაქტების საფუძველზე მიიღწევა საგნის „ჭეშმარიტ“ და „რეალურ“ ფასეულობად. ეს ცნება წარმოადგენ გრძელვადიანი არასაბაზრო ღირებულების ცნებას, რომელიც არბილებს ფასთა მოკლევადიან რყევებს.
შიდა ღირებულება გამოიყენება შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:
  • ობიექტის ყიდვა ან გაყიდვა;
  • მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება.
ნარჩენი ღირებულება (residual value)

წარმოადგენს გაანგარიშებულ თანხას, რომელსაც ორგანიზაცია აქტივის რეალიზაციით მიიღებდა სადღეისოდ, რეალიზაციასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ხარჯების გამოკლებით, თუკი აქტივს უკვე ექნებოდა ის ასაკი და მდგომარეობა, რომლის ქონაც მოსალოდნელია მისი სასარგებლო მომსახურების ვადის ამოწურვისას.
ეს არის წმინდა თანხა, რომლის მიღებასაც ორგანიზაცია ვარაუდობს აქტივის სანაცვლოდ, მისი სასარგებლო მომსახურების ვადის დასასრულს, აქტივის რეალიზაციასთან დაკავშირებული მოსალოდნელი დანახარჯების გამოკლებით.
აქტივის ნარჩენი ღირებულება დროის დადგენილი პერიოდის ბოლოს (ამ განმარტებაში ნარჩენი ღირებულება საუტილიზაციო ღირებულების ანალოგიურია).